აფბა მთავრობას საწვავის ბაზარზე კარტელის თავგასულობის ალაგმვისკენ მოუწოდებს და მოსახლეობის უანგარიშო ყვლეფაზე საუბრობს

14.08.2018 | ნანახია 1233-ჯერ



აფბა მთავრობას საწვავის ბაზარზე კარტელის თავგასულობის ალაგმვისკენ მოუწოდებს და მოსახლეობის უანგარიშო ყვლეფაზე საუბრობს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ აგრძელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს და საზოგადოებას ბაზრის ხუთ თვიანი კვლევის შედეგებს აცნობს. აფბა შეშფოთებას გამოთქვამს ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი, მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც თითქმის სრულად გაემიჯნა გლობალურ პროცესებს.

 აფბამ საწვავის ბაზრის 4 თვიანი კვლევის შედეგები გასულ თვეს წარადგინა, რომლის მიხედვითაც ბაზარზე მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ფიქსირდებოდა. უფრო კონკრეტულად კი საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მაისის თვეში დაიწყო, ამის მიზეზად კი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა, ამ მომენტისათვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდში ნედლი WTI ტიპის ნავთობზე ფასი 3 დოლარით გაიზარდა, კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საცალო ქსელში ფასები, მყისიერად გაიზარდა 3-5 თეთრით. მაგრამ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის კიდევ მრავალი და უფრო მასშტაბური შეუსაბამობებიც ფიქსირდება, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს დავინახავთ, რომ თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული.

 ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება აგვისტოს მდგომარეობას, აგვისტოს პირველ ნახევარში საწვავზე ფასები საქართველოში 2 ჯერ დაკორექტირდა ზრდის მიმართულებით. საწვავის, აღნიშნულ გაძვირებას პრაქტიკულად არანაირი ეკონომიკური ახსნა არ გააჩნია, იმდენად რამდენადაც, ივლისის ბოლოდან, დღემდე ნედლი ნავთობის ფასი 4 დოლარით არის შემცირებული და დღეის მდგომარეობით, WTI -ის ტიპის ნავთობის ფასი თითქმის 66 დოლარამდეა დაცემული. მსოფლიო ბირჟებზე ფასების მკვეთრი ვარდნა უკვე, თითქმის ორი კვირაა გრძელდება, რამაც ასახვა უკვე ჰპოვა პლაცსის ფასზეც, თუმცა ამის მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე ფასები გაიზარდა და ამის მიზეზად ეროვნული ვალუტის გაუფასურება დასახელდა. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა 15 პუნქტით გაუფასურდა, მაგრამ ასე მყისიერად ეროვნული ვალუტის ცვლილებით, საწვავის ფასი ცვლილება თითქმის შეუძლებელია და არ ემორჩილება არანაირ ეკონომიკურ პრინციპებს, რომ არაფერი ვთქვათ 2 კვირიან მონაკვეთზე რომელშიც ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და აგრძლებს დაღმასვლის პროცესს, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ არამც თუ შეამცირეს ფასი, არამედ გაზარდეს კიდეც და ეს კურსის ცვლილებით ახსნეს. მაშინ როდესაც გლობალური ტენდენციები, იძლეოდა ერთის მხრივ ფასების შემცირების, ხოლო კურსის ცვლილების პერიოდისთვის, ფასების შენარჩუნებისა და გაზრდის თავიდან აცილების შესაძლებლობას.

მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ის არ რეაგირებს ნავთობკომპანიების კარტელურ გარიგებებზე, რისი საშუალებითაც ეს კომპანიები კოლოსალურ ფასებად ყიდიან ნავთობპროდუქტებს, რაც ისახება სამომხმარებლო ფასებსა და მომსახურებაზე და აუარესებს ქვეყნის, ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობას. გაუგებარია რატომ ხუჭავს მთავრობა თვალს კომპანიების თვითნებობასა და კარტელურ ქმედებებზე თუ აუცილებელია „იუნისეფმა“ მიგვითითოს კონკრეტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებზეც?! რომ დადგეს დღის წესრიგში საწვავის ბაზრის დარეგულირება. ანალოგიური პრობლემა, სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით, არაერთ ევროპულ ქვეყანასაც ედგა, თუმცა მათმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურებმა ჯეროვნად იმუშავეს და ალაგმეს კარტელი ბაზარზე. სახელმწიფოს კონკურენციის სააგენტოს სახით აქვს ბერკეტი, რათა ბაზარზე არსებული არაჯანსაღი მდგომარეობა გააკონტროლოს, მაგრამ კონკურენციის სააგენტო, ნებსით თუ უნებლიეთ თვალს ხუჭავს ამ 6 კომპანიის კარტელურ  ქმედებებზე, რომლებიც საკუთარ თამაშის წესებს კარნახობენ მთელს ქვეყანას.  აფბა მოუწოდებს მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები ნავთობიმპორტიორი კომპანიების თავგასულობის ასალაგმავად.