ეკონომიკის დივერსიფიკაციის ანატომია 2012 VS 2018 - აფბამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა

25.07.2019 | ნანახია 1095-ჯერ



ეკონომიკის დივერსიფიკაციის ანატომია 2012 VS 2018 - აფბამ ახალი კვლევა გამოაქვეყნა

ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა და რუსეთის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესებამ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა ეკონომიკის დივერსიფიკაციის საკითხი. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც განხილულია ბოლო წლების ტენდენციები ახალი ბაზრების ათვისების თვალსაზრისით.

აფბას კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფაქტორის გამორიცხვით ეკონომიკის დივერსიფიკაციის და ახალი ბაზრების ათვისების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

კვლევაში განხილულია ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებების ტენდენციები რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით და მის გარეშე. კვლევის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული მაჩვენებლების და ფაქტორების ანალიზის საფუძველზე პირუთვნელად მიეწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ეკონომიკის დივერსიფიკაციის რეალური სურათი.

კვლევის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: “შესაბამისი კონკრეტული მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე, იკვეთება, რომ  საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე საგანგაშო დამოკიდებულების თვალსაზრისით არსებული მოსაზრება მცდარია”. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენის მიუხედავად, რუსეთის წილი ქართულ ეკონომიკაში დრამატული ან/და საგანგაშო არ არის.

აფბას კვლევაში განხილულია სამი ძირითადი ფაქტორი - საგარეო ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ტურიზმი. ნაჩვენებია ამ სამი მიმართულებით რუსეთის ბაზრების გარეშე არსებული ვითარება. წარმოგიდგენთ ამონარიდებს აღნიშნულ მაჩვენებლებთან დაკავშირებით:

ექსპორტი

სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის პარალელურად, (რუსეთის ფაქტორის გამორიცხვით) წმინდა ექსპორტი გაზრდილია 589 მილიონი დოლარით. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესი არ მიმდინარეობს და მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ვართ დამოკიდებული არსებითად მცდარი მოსაზრებაა.

ტურიზმი

ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაცია და სხვა ქვეყნების ბაზრების ათვისება წარმატებით მიმდინარეობს. კერძოდ, რუსეთის ფაქტორის სრული გამორიცხვით, საქართველოში ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2,943 მილიონით მეტი ვიზიტორი შეადგინა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ტურისტული ინდუსტრია მხოლოდ რუს ვიზიტორებზეა ორიენტირებული, მცდარია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

არსებობს მოსაზრება, რომ ეკონომიკა გაცილებით დივერსიფიცირებული იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, ვიდრე ეს დღეს არის. რეალურად, კვლევა უტყუარად აჩვენებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პირობებში (2007-2012 წლები) პირდაპირი რუსული ინვესტიციები მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 3,2%-ს შეადგენდა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“  მმართველობის პერიოდს (2013-2018 წლები) ეს თითქმის ანალოგიურს, 3,1%-ს შეადგენს. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ანალოგიურ პერიოდში, ზოგადად, ინვესტიციების მოცულობა 2,2 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი მოქმედი ხელისუფლების პირობებში.  

 

ვრცლად კვლევა იხილეთ მოცემულ ბმულზე:                                                                    

http://afba.ge/assets/uploads/documents/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%901-11.pdf?fbclid=IwAR2iI5FAZ8OjorHO53biZBLMnAsKzDHnh7DfM3knnDh2NJSpsTw0u4LSMOw